დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა!

დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია ჩვენს ქვეყანაში. დანაშაული იყოფა სამი კატეგორიის სიმძიმით: ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე. კერძოდ, თუ დანაშაულისათვის განსაზღვრულია მაქსიმუმ ხუთი წლით პატიმრობა, ის ნაკლებად მძიმედ ითვლება, თუ პატიმრობის მაქსიმუმი ათი წელია, მაშინ- მძიმედ, ხოლო, იმ დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც ათ წელზე მეტი ხნით შეიძლება ციხეში აღმოჩნდეთ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად ითვლება.

შესაბამისად, პირი, რომელმაც შეიტყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისა ან ჩადენის შესახებ ვალდებულია შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს, არ დაეხმაროს დამნაშავეს მიმალვასა და კვალის დაფარვაში.

მაგალითად, თუ თქვენ შეესაწარით ან წინასწარ იცოდით მკვლელობის ან ბინის ქურდობის შესახებ და არ შეატყობინებთ პოლიციას შეიძლება რამდენიმე წლით ციხეში აღმოჩნდეთ, ხოლო ის თუ იცით, რომ თქვენმა მეზობელმა უკანონო აბორტი გაიკეთა და არ გათქვით, თქვენ ვერავინ შეგედავებათ, რადგან მკვლელობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია, ბინის ქურდობა- მძიმე და უკანონოდ აბორტის გაკეთება კი ნაკლებად მძიმეა.

გამონაკლისი კანონშიც არსებობს და ეს დათქმა არ ეხება ახლო ნათესავებს. მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა და მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული) სასამართლოშიც თავისუფლდებიან ისეთი ჩვენების მიცემისაგან, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს ახლო ნათესავს.

ბოლოს კი გახსოვდეთ ! კანონი კანონია და სენტიმენტებს არ იცნობს.

გააცნობიერეთ რა შედეგები შეიძლება მოყვეს თქვენს მოქმედებას ან უმოქმედებას!