ხელშეკრულება როგორც ასეთი!

საზოგადოების სრული უმეტესობისათვის ხელშკერულება იყოფა 3 ნაწილად: მხარეები, ძირითადი შეთანხმება და ხელმოწერა. დანარჩენი ჩინურია და იმედს იტოვებთ, რომ ყველაფერი ისე წერია როგორც თქვენ წარმოგვიდგენიათ. მინდა გაგიცრუოთ იმედი და გითხრათ, რომ ხელშეკრულების შედგენისას, იურისტი ყოველთვის ცდილობს, რომ დაიცვას მისი კლიენტის ინტერესები და თქვენთან მიმართებაში დაიტოვოს უპირატესობის საშუალებები. შესაბამისად ამ პროცედურის მიმართ არასერიოზულმა მიდგომამ,  შესაძლებელია მოგვიანებით მოგიტანოთ სავალალო შედეგები.

ავიღოთ უბრალო მაგალითი:  მრავალ თქვენგანს სესხით აქვს შეძენილი ბინა ან სხვა უძრავი ქონება.  ეს იმას ნიშნავს, რომ საკრედიტო დაწესებულებასთან ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული. ასეთი ტიპის შეთანხმება სტანდარტული ხელშეკრულების საშუალებით იდება. იცვლება  მხარე, (ესეგი მსესხებელი), ნასესხები თანხის ოდენობა და თანხის დაბრუნების ვადები.  ყველასთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა დაადასტუროს, ეს კი რამოდენიმე წლიან სამართლებრივ დავას ნიშნავს. თუ ბანკმა მოგიგოთ და ვალსაც ვერ ისტუმრებთ, სააღსრულებო წესით ბინას გაგიყიდიან,  ამ პროცედურას კი ცალკე წარმოება სჭირდება: ქონებაზე ყადაღის დადება,  შეფასება და აუქციონის ჩატარება. მოკლედ დრო გაქვთ სიტუაციის გამოსასწორებლად.

თუმცა ბანკების უმეტესობას სხვადასვა პუნქტებისაგან ისე აქვთ აკინძული შეთანხმება, რომ მცირე დარღვევისთვისაც  კანონიერ უფლებას იტოვებენ  ამ პროცედურებს ასცდნენ და ყოველგვარი დავის გარეშე,  2 კვირაში გაგიყიდონ  თავისივე აუქციონზე თქვენი სახლი.  ხომ აფსურდია? თუმცა ფაქტია და თანაც ხშირად გამოყენებული.

მაგრამ კანონი სამართლიანობის პრინციპით იქმნება და ყოველთვის არსებობს კანონიერი უსამართლობის საპირწონე საშუალებები.   მართალია საკანონმდებლო ბაზა და ხელშეკრულების პირობა იძლევა , სასამართლოს გარეშე  თქვენი ქონების რეალიზაციის საშუალებას, თუმცა  მომხმარებლის მოლოდინში სრულად ვერ ჯდება აღნიშნული ნორმა და წვრილად დაწერილი პუნქტი კი არ უნდა იყოს, არამედ მკაფიო მითითება უნდა არსებობდეს.  ამას კანონი გვეუბნება!  მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს საფრთხე არსებობს.

მესმის, რომ იურიდიულ ლაბირინთებში გარკვევა ძნელია და ხშირად იურისტებსაც უჭირთ, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ჯობია არ იჩქაროთ,  კარგად გაერკვეთ შეთანხმების ნიუანსებში და მხოლოდ მას შემდეგ მოაწეროთ ხელი, როცა თავად დარწმუნდებით, რომ სამართლებრივი ხაფანგები არ გემუქრებათ.