საზოგადოებრივ სივრცეში ცივი იარაღის ტარება კანონით ისჯება.
დანა, სპიცი თუ ბებუთი მნიშვნელობა არ აქვს, არც ზომას აქვს მნიშვნელობა და არც იმას თუ ვისი გაკეთებულია. ცივ იარაღად ყოველი ნივთი შეიძლება ჩაითვალოს, რომლის მოქმედებაც ხორციელდება “ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად“. გეთანხმებით ბუნდოვანი განმარტებაა, მაგრამ კანონი ასე გვიხსნის ცივი იარაღის მნიშვნელობას და საკმაოდ მძიმე სანქციებს გვიწესებს დაუმორჩილებლობისთვის.
დანის პირველად აღმოჩენისას, 200 ლარით დაჯარიმდებით, ერთი წლის განმავლობაში თუ განმეორებით აღმოგიჩინეს 1000 ლარით, თუ ჭკუა ვერ ისწავლეთ და მესამეჯერ აღმოგიჩინეს ან ნარკოტიკების მოხმარებისთვის ხართ დაჯარიმებული, ან ნაკლებადმძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, ჯარიმა შეიძლება აღარ გაკმარონ და შინაპატიმრობაში გაგამწესონ ან ციხეში 6 თვით. უფრო მძიმე შედეგებიც შეიძლება რომ დაგიდგეთ, თუ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ხართ ნასამართლევი. ამ შემთხვევაში 3 წელი უნდა ხეხოთ ვირის აბანო. თუმცა როგორც ყოველთვის ამ კანონსაც აქვს მეორე მხარე. დამკავებელი უნდა გაერკვეს, რისთვის გჭირდებათ ცივი იარაღი, ეს უაცილებელია, რადგან თუ ჩოხას ატარებთ, ხანჯალიც გჭირდებათ, ნადირობას ან თევზაობასაც სჭირდება დანა, ჰიგიენის მოწესრიგებას, საკვების მიღებას თუ სოკოს მოჭრისას შეიძლება დაგჭირდეთ ნივთი, რომელიც განკუთვნილია „უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად“.
ვიმეორებ და გახსოვდეთ, რომ ცივი იარაღის აღმოჩენისას, პოლიციელი ვალდებულია გამოგკითხოთ, თუ რა მიზნებისთვის გჭირდებოდათ მისი ტარება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის გარემოება გამოუკვლეველი იქნება და ვერც სასამართლო დაგსჯით ცივი იარაღის ტარებისათვის.