რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, დაუმთავრებელ კორპუსში ბინის შეძენისას.
პირველ რიგში გადაამოწმეთ საჯარო რეესტრის ამონაწერები. დარწმუნდით, რომ ასაშენებელი ობიექტი ნამდვილად გამყიდველს ეკუთვნის. გამყიდველი თუ იურიდიული პირია, მაგალითად შპს, შეამოწმეთ ამ შპს-ს ამონაწერი, ნახეთ ვინ არიან მეწილეები და რა მდგომარეობა აქვთ მათ. ამას მარტივად, საჯარო რეესტრის ვებ გვერდის საშუალებით შეძლებთ. უძრავ ქონებაზე ინფორმაციას,
უძრავი ქონების რეესტრიდან მიიღებთ, ხოლო იურიდიული პირის შესახებ კი ბიზნეს რეესტრის საშუალებით.
მიაქციეთ ყურადღება თუ როდის განახლდა ამონაწერი, თუ ძველია ამონაწერი, თქვენ იმავე საიტის საშუალებით ადვილად, სულ რაღაც 10 ლარად განაახლებთ მას. ამონაწერი თქვენ მოგცემთ საშუალებას რომ დაინახოთ ვის საკუთრებას წარმოადგენს კონკრეტული ობიექტი, აქვს თუ არა ქონების გასხვისების უფლება, რა შეზღუდვები და ვალდებულებები გააჩნია მას.
იმ შემთხვევაში თუ განშლაა გაკეთებული, ესეიგი ასაშენებელი კორპუსი განაწილებულია ბინების მიხედვით, მოთხოვნა უნდა განსაზღვროთ თქვენივე ბინის საკადასტრო კოდის მიხედვით. გაარკვიეთ თუ როგორ ფინანსდება მშენებლობა და დაზღვეულია თუ არა ის.
მოიკვლიეთ ასაშენებელი კორპუსის სამშენებლო დოკუმენტაცია. დარწმუნდით, რომ მშენებლობის ნებართვა შესაბამისი დროით არის გაცემული, მშენებლობა კანონიერია და სამშენებლო დარღვევებისათვის შეჩერება არ ემუქრებათ. ეს ადვილია შეხვალთ tas.ge - ზე, შემდეგ ინტერაქტიულ რუკაზე, შეიყვანთ საკადასტრო კოდს და სულ ეს არის, თქვენ გექნებათ ყველა საჭირო ინფორმაცია მშენებლობის შესახებ.
მას შემდეგ რაც თქვენ დარწმუნდებით, რომ მშენებლობა პერსპექტიულია, დგება ხელშეკრულების გაფორმების დრო. ხელშეკრულება მთავარი დაცვის მექანიზმია და შესაბამისად ამომწურავად უნდა პასუხობდეს თქვენს ინტერესებს. ყურადღება მიაქციეთ ყველა ნიუანსს, რადაგან ეს გადამწყვეტი იქნება დავის წარმოქმნის შემთხვევაში.
მიზანშეწონილია, რომ შესაძენი ობიექტის საფასური გადაიხადოთ გრაფიკის მიხედვით და ეს გრაფიკი დაუკავშიროთ მშენებლობის გრაფიკს. მაგალითად: თუ ორი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოთ ნასყიდობის საფასური, განსზღვრეთ, რომ თანხის გადახდა განხორციელდება მშენებლობის დინამიკიდან გამომდინარე.
სამ თვეში აშენდა ორი სართული, თქვენ იხდით გრაფიკით განსაზღვრული თანხის ნაწილს, არ აშენდა ეს ორი სართული, არ იხდით არაფერს სანამ არ აშენდება. აშენების გრაფიკის დარღვევისთვის განსაზღვრეთ პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულებისათვის კი ჯარიმა.
პირველადი შენატანი, ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ შეიტანეთ და ბოლოს, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ პირობებს თქვენვე არ დაარღვევთ, შეთანხმებაში მიუთითეთ, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შევიდეს ძალაში, რათა დაზოგოთ დრო, რესურსი და რაც მთავარია ნერვები.