სამოქალაქო კოდექსი მკაცრად განსაზღვრავს მეუღლეთა ქონებრივ უფლებებსა და ვალდებულებებს, მათ შორის ქორწინებაში შეძენილი ქონების თანაბარწილად განაწილების წესს. თუმცა, წყვილის შეთანხმებით დასაშვებია ამ წესების შეცვლა და მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია საქორწინო ხელშეკრულების დადება, რომელშიც განსხვავებულად განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები.
საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ასევე რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს. თუმცა, ქორწინებამდე დადებული ხელშეკრულება ძალაში შედის ქორწინების ოფიციალური რეგისტრაციიდან.
ხელშეკრულება იდება წერილობით და დასტურდება სანოტარო წესით.
საქორწინო კონტრაქტით შეიძლება განისაზღვოს,როგორც არსებული ,ასევე მომავალში შესაძენი ქონების განკარგვის წესი, გაყრის შემთხვევაში ქონების გაყოფის პირობები და მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების ნუსხა.
მაგალითად, ღალატის შემთხვევაში,საქორწინო კონტრაქტის საფუძველზე , უღირს მეუღლეს ნახევარი ქონების ნაცვლად ,მიეკუთვნება ქონების ¼, ხოლო დარჩენილი ¾ ნაწილს მიიღებს მეორე მუღლე.
მართალია, საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს, თუმცა, აუცილებელია მეუღლეთა ურთიერთშეთანხმება. ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტა დაუშვებელია. პირობების შეცვლა კი, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია და ისიც იმ შემთხვევაში თუ დარწმუნდება, რომ შეთანხმების პირობა ერთ-ერთ მეუღლეს უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
საქორწინო ხელშეკრულებით არ იცვლება მეუღლეთა ურთიერთრჩენის და მშობლის უფლება-მოვალეობა შვილების მიმართ. ასევე არ იცვლება ალიმენტის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულება უნდა შედგეს ისე, რომ მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს არც ერთი მხარე.