შიკანა - უფლებით სარგებლობა ისე, რომ ამით მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი, ისე, რომ არ არის გამოკვეთილი ამ უფლებით მოსარგებლე პირის ინტერესების უპირატესობა.
არსებობს ქართული ანდაზა - ,,ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო’’. ეს გამონათქვამი სრულად გამოხატავს ამ ტერმინის დედააზრს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კი, აკრძალულია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
მაგალითად, ქალაქების მაცხოვრებელთა უმეტესობა მრავალბინიან სახლებში ვცხოვრობთ. კანონმდებლობის მიხედვით ასეთ სახლებში დგება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ხოლო ასეთი ტიპის ამხანაგობაში მეზობლების ურთიერთობას არეგულირებს შესაბამისი კანონი (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ). აღნიშნული კანონის მიხედვით, თქვენი ამხანაგობის საერთო საკუთრებაში შედის სახლის ეზო და მისი განკარგვა (სარგებლობაში გადაცემა) შესაძლებელია მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. რაც ნიშნავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრი უნდა დაგთანხმდეთ ამ ტიპის შეთანხმებაზე.
თქვენი ეზო საკმაოდ კარგ ადგილას არის განთავსებული. დიდია, მაგრამ სავალალო მდგომარეობაში. არ არის საბავშვო სკვერი, განათება დაზიანებულია ,ღობეები მონგრეულია და ბავშვების გაშვებაც სახიფათოა.
თქვენი კორპუსის ქვემოთ გახსნილ კაფეტერიას კი სარგებლობისთვის სჭირდება რამდენიმე მეტრი ეზოს ფართობი, საზაფხულო კაფის მოსაწყობად და ამხანაგობას სთავაზობს, რომ ის მოაწესრიგებს ეზოს, გაიღებს ფინანსებს და მიმდებარე ტერიტორიას მოიყვანს საუკეთესო მდგომარეობაში.
მეზობლები დასხედით, მოიფიქრეთ და დათანხმდით ამ წინანადებას, მაგრამ ყოველთვის არსებობს ერთი ,,ბოროტი’’ მეზობელი, რომელსაც არც ეზო აინტერესებს, არც ბავშვები და სარგებლობს რა მისი თანხმობის აუცილებლობით, ყოველგვარი ინტერესის გარეშე უარს ამბობს შეთანხმებაზე.
შესაბამისად, ეს მეზობელი ახორციელებს შიკანას, ბოროტად იყენებს თავის უფლებას ისე, რომ მხოლოდ სხვას ადგება ზიანი, მას კი არავითარი სარგებელი არ გააჩნია.